ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ – ბევრი წარმატება და დიდი მოლოდინი

1„მანდარინები“ რეჟისორ ზაზა ურუშაძის წარმატებული ნამუშევარია, სადაც სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი მეომრების დამოკიდებულებამ, ანუ მტრების ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრებამ, მათი დაპირისპირებისა და შერიგების დაძაბულმა ამბავმა, მსოფლიო მაყურებლის დიდი სიმპატია დაიმსახურა. ფილმი ვარშავის „ა კლასის” კინოფესტივალზე ორი პრიზით დაჯილდოვდა: საუკეთესო რეჟისურა და მაყურებლის პრიზი. ასევე მიიღო ესტონეთის კინოჟურნალისტთა ჯილდო, მანჰაიმ-ჰაიდელბერგის საერთაშორისო კინოფესტივალის მაყურებეთლა პრიზი, აუდიენციის ჯილდო ეგვიპტეში.  ფილმი ესტონეთმა წარადგინა ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიისათვის. ფილმი ნომინირებულია ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.  “მანდარინები” ქართულ-ესტონური პროექტია, რომელიც ევრიმაჟის დახმარებით შეიქმნა. დაფინანსების დიდი ნაწილი ესტონურმა მხარემ გაიღო და ოქროს გლობუსსა და ოსკარზე მისი ნომინირების უფლებაც თავად დაიტოვა.  “ოქროს გლობუსზე” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი “ლევიათანი” გახდა, რომელიც რეჟისორ ანდრეი ზვიაგინცევის ნამუშევარია.   ქართულ–ესტონური ფილმი ოსკარზეც ნომინირებულია. 

 

 ფილმის ტრეილერი

 

2
“მანდარინები” ადამიანური ისტორიის მეშვეობით გვიყვება აფხაზეთის 1992-93 წლების ომის შესახებ. აქ არ შეხვდებით ქვეყნის მეთაურებს, პოლიტიკოსებს, სარდლებსაც კი, მაგრამ ამის მიუხედავად არცერთი წამით არ გტოვებთ შეგრძნება რომ ფილმი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ამბავს მოგვითხრობს. ფილმში არც ბრძოლებია ასახული და მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, არც სროლებით არის  დიდად დატვირთული.

 

 

 

5

ერთ-ერთი ესტონელის სახლში ვითარდება მთელი ამბავი. აქ ხვდებიან ერთად დაჭრილი ქართველი და აფხაზების მხარეზე მებრძოლი ჩეჩენი. ცხადია ორივე ადამიანი, რომელსაც თავისი სიმართლე აქვს, ერთმანეთს ვერ იტანს და თავიდან მზადაა ერთმანეთი მოკლას კიდეც. ამ ორი ადამიანის ურთიერთობის  გარკვეულ ეტაპზე ხდება მნიშვნელოვანი გარდატეხა და სწორედ რომ ამ გარდატეხაში შემოდის ის, რაც ასე აკლია ქართულ კინემატოგრაფს, ანუ ჰუმანიზმი. სწორედ ამ გარდამტეხ მომენტში შემოდის სამყაროსავით ძველი ჭეშმარიტება, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანი მეორე ადამიანს იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არაფერს ერჩის, საკმარისია მათი ურთიერთობა საყოფაცხოვრებო დონეზე რამდენიმე დღე გაგრძელდეს და ის ყველაფერი რაც შენს მტერს ხანგრძლივი და სისტემატური პროპაგანდის წყალობით გაძულებდა, ქრება.

 

linateos-mille-peaosas-on-lembit-ulfsak-sai-vaga-elavat-vastukaja-66952086

ანტი მილიტარისტული განწყობა ყველაზე კარგად პერსონაჟ ივოს მიერ წარმოთქმულ ფრაზაში ჩანს რომლის როლსაც ესტონელი მსახიობი ლემბიტ ულფსაკი ასრულებს. ის ამბობს – “ეს ომი არავისია”. ამ პერსონაჟის მეშვეობით  რეჟისორმა ფილმის რამდენიმე მთავარი მესიჯი გააჟღერა, ერთ-ერთ სხვა ეპიზოდში  ივო ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, ქართველი, ჩეჩენი თუ ესტონელი და ის, რომ შენ სიტყვის შენახვა შეგიძლია ან პირიქით არ შეგიძლია, ეროვნებაზე ვერ იმეტყველებს.

 

ფილმის გადაღება

ფილმისთვის, შეკვეთილში, (გურია) რეჟისორმა ორი წლის წინ ესტონური სოფელი გააშენა. დაუფინანსებლობის გამო ფილმის გადაღება შეფერხდა. მანამდე სოფელს, რომელიც მანდარინების პლანტაციების ირგვლივ იყო გაშენებული, დარაჯები უვლიდნენ. სოფელში გზები გაიყვანეს, ჭაობი დააშრეს, პალმები და  სხვადასხვა ხეები დარგეს, სახლები ააშენეს, კომუნიკაციები გაიყვანეს.

“კადრებს რომ უყურებთ, გეგონებათ, რომ მართლა აფხაზეთშია გადაღებული. პალმები, ზღვა… ახლა, უკვე არ ვიცი იქ რა ხდება. აღარავინ არ მიხედავდა და დანგრეული იქნება”, – ამბობს ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე.

ფილმის გადაღების დროს, 2012 წლის დეკემბერ-იანვარში ორჯერ მიწისძვრა იყო საქართველოში, ეპიცენტრი კი მაინცდამაინც შეკვეთილის ჭაობიან ადგილას დაფიქსირდა. შედეგად მიწა გაიპო. ესტონელებს ძალიან შეშინებიათ.

zaza_urushadze-web

 

ზაზა ურუშაძე: “რამდენიმე დღეში მიწისძვრა ღამით მეორეჯერაც განმეორდა, დაახლოებით 5 ბალი იყო და ძალიან ვყანყალებდით. მაშინ თქვეს ესტონელებმა, რომ მათთან არასდროს ყოფილა მიწისძვრა და ჩვენთან პირველად განიცადეს ეს შიში. მერე ესტონელმა ოპერატორმა მკითხა, ალბათ, სკოლაში გასწავლიან, არა, როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროსო? ეგონათ, რომ ჩვენთან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. იაპონია კი არ არის, საქართველოა-მეთქი, ვუთხარი.

 

 

 

რეჟისორი თავის ფეისბუქ გვერდზე აქტიურად წერდა ფილმის წარმატების შესახებ.

zaza urushadze statusebi

 

ფილმისთვის მუსიკა ნიაზ დიასამიძემ დაწერა.  “ვფიქრობ, ფილმი საფესტივალოც არის და სამაყურებლოც. ყურების დროს დაძაბული ხარ, მოსაწყენი არ არის. ასე მგონია, საინტერესო ფილმია”.

 

“მანდარინების” შეფასება

გარდა იმისა, რომ “მანდარინებმა” უამრავი ჯილდო მოიგო და კინოკრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა, ის ჩვეულებრივი მაყურებლისთვისაც მისაღები ფილმი გახდა. ამას მოწმობს რეიტინგის მთვლელი IMDB, სადაც ქართულ–ესტონური ფილმის შეფასება საშუალოდ 8.6 არის. მონაწილეობა კი 4000–მდე იუზერმა მიიღო. “მანდარინებს” დადებითად აფასებენ ქართველი მსახიობებიც.


კახი კავსაზე : “მანდარინებმა” ბეჭედი დაასვა, ქართული კინო უკვდავია

 

გივი ბერიკაშვილი : სამწუხაროდ, ასეთი გახარებული კინოდარბაზიდან ხშირად არ გავდივარ

 

ჟანრი ლოლაშვილი : სიტყვა გენიალური არ არის გადამეტებული სიტყვა 

 

 

1895255

ამდენი დადებითი შეფასების მიუხედავად, ფილმს კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. გოგი გვახარიასთვის გაუგებარია, რატომ არიან გმირები ასეთი კეთილები და ასეთი ბოროტები, ან რატომ ხდებიან კეთილები ასე სწრაფად.. „ძალიან მიყვარს ზაზა და პრინციპში მისი გულშემატკივარი ვარ. ისიც მესმის, რატომ მოეწონა ბევრს ეს ფილმი – ამბავი ვითარდება, მოულოდნელობაც არის, რეჟისურაც არის და ფილმიც აწყობილია კარგად. თუმცა ის, რაც დიდ მიღწევად ითვლებოდა ქართულ კინოში თუნდაც 5 წლის წინ, ახლა ჩვეულებრივი ამბავია და აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რატომ გადაიღო ზაზამ ეს ფილმი. მოსკოვის კინოფესტივალს ჰქონდა დევიზი “За гуманизм киноискусства, за мир и дружбу между народами!” და ეგ დევიზი გამახსენა ფილმმა. ადამიანის, პერსონაჟის დახასიათებისთვის კინოში მხოლოდ მსახიობი არ კმარა. უფრო პირიქით, მსახიობს ყველაზე ნაკლებად უნდა დავაკისროთ ეს მისია და ვიფიქროთ სცენარზე, დრამატურგიაზე, მოქმედების ატმოსფეროზე, დეტალების მიმართ პერსონაჟის დამოკიდებულებაზე.  სხვაგვარად კინო და გმირები აგვიჩუყებს გულს, შეიძლება სულსაც, მაგრამ ცოტა ხანში ფილმი დაგვავიწყდება”, – წერს კინომცოდნე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ამ კრიტიკის მიუხედავად, ფილმი აგრძელებს წარმატებების მიღწევას, ახლა კი ოსკარზე წარმატების იმედი აქვს. კონკურენტები არიან : იდა(IDA, დანია, პოლონეთი), ლევიათანი(LEVIAFAN, რუსეთი), მანდარინები(MANDARIINID, ესტონეთი, საქართველო), ტომბუქტუ(TIMBUKTU, საფრანგეთი) და ველური მოთხრობები (WILD TALES, ესპანეთი, არგენტინა). 

 სრული ფილმი 

 

ავტ. გიორგი გოგბერაშვილი 

Leave a comment